ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პატრიოტთა ალიანსის არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს. პარტიის წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარტია რეგისტრაციიდან არ მოიხსნება, ეს ქართული ოცნების პასუხისმგებლობა იქნება.
დეკანოიძის თქმით, პატრიოტთა ალიანსი პროპუტინისტური პარტია და ბიძინა ივანიშვილის ფავორიტია:
"ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. არც ის არ არის ახალი ამბავი, რომ პატრიოტთა ალიანსი პროპუტინისტური პარტიაა, არც ის არ არის ახალი ამბავი, რომ ქართული ოცნების წიაღიდან ამოსული პარტიაა, რომ ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ოპოზიციონერია ირმა ინაშვილი.
ქართული ოცნება უზრუნველყოფს იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ჩადიან, მიდიან-მოდიან და მერე ყოველგვარი კარანტინის და იზოლაციის გარეშე დადიან ინაშვილი და თარხან-მოურავი.
იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ მოიხსნებიან რეგისტრაციიდან, ეს იქნება პირდაპირ ქართული ოცნების პასუხისმგებლობა", - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ცენტრმა "დოსიემ" 24 აგვისტოს გამოაქვეყნა მასალები, რომელთა მიხედვით, კრემლი პატრიოტთა ალიანსს 2020 წლის არჩევნებისთვის ფინანსურად ეხმარება და წინასაარჩევნო კამპანიის შინაარსთან დაკავშირებით ინსტრუქციებს აძლევს.
პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა უარყო საგამოძიებო სტატიის ბრალდებები და განაცხადა, რომ მისი პარტია მრავალ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობს, მათ შორის, ორ ამერიკულ, ორ ებრაულ და ერთ რუსულ კომპანიასთან.
ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ პროკურატურას პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.